პოლიტიკა
შემომწირველთა ბიზნეს ინტერესები და პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტები
32 იურიდიული პირიდან 31 "ქართული ოცნების" შემომწირველია, მხოლოდ ერთმა იურიდიულმა პირმა გაიღო "პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლო შემოწირულება 90 ლარის ოდენობით,-წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლის თანახმადაც  ყველაზე მსხვილი შემომწირველი 7 კომპანია იყო - თითოეულმა "ქართულ ოცნების" სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა 120 000 ლარი გაიღო.

შემომწირველი კომპანიებია : შპს "ჯი-ემ-პი", შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა", შპს "LION", "თეგეტა მოტორსი", "დეტი",
"პარტნიორი" და "მეეკი".

"აღსანიშნავია, რომ პირველმა სამმა კომპანიამ 2016 წელს ზუსტად იმავე ოდენობის თანხები შესწირა "ქართულ ოცნებას". ასევე საინტერესოა, რომ კომპანიამ "ტრანსპროექტი", რომელმაც საანგარიშო პერიოდში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 50 000 ლარი გაიღო, 2011 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც" აქვს 100 000 ლარი შეწირული. "ქართული ოცნების" 31 შემომწირველი კომპანიიდან 2017 წელს 15-მა მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები საერთო ღირებულებით დაახლოებით 2 145 022 ლარი, მაშინ როდესაც ამავე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში პარტიის სასარგებლოდ მთლიანობაში 1 021 793 ლარი გაიღეს. ამ მხრივ ყველაზე საინტერსოა "თეგეტა მოტორსის" და "ცეკურის" შემთხვევები. საანგარიშო პერიოდში "თეგეტა მოტორსმა" როგორც იურიდიულმა პირმა მმართველ პარტიას 120 000, ხოლო ამ კომპანიის მეწილემ ზაური ცხადაძემ დამატებით 60 000 ლარი შესწირა, სანაცვლოდ კი ამ კომპანიამ მიმდინარე წლის განმავლობაში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის წესით 1 539 კონტრაქტი მიიღო, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1 500 000 ლარია. რაც
შეეხება კომპანია "ცეკურს", მან "ქართულ ოცნებისთვის" 40 000 ლარი გაიმეტა და ამავე დროს 400 000 ლარის ღირებულების ერთი პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი
მიიღო.

რაც შეეხება შემომწირველ ფიზიკურ პირებს, 643 შემომწირველიდან 289 ადამიანი 818 იურიდიულ პირთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული. ამ 818 იურიდიული
პირიდან 70 არის ისეთი, რომელმაც 2017 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღო. ამ კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 3 249 233 ლარი შეადგინა, ხოლო იგივე 70 კომპანიასთან დაკავშირებულმა ფიზიკურმა პირებმა მთლიანობაში დაახლოებით 2 მლნ ლარის შემოწირულება განახორციელეს. ამ 70 კომპანიასთან დაკავშირებული ფიზიკური პირებიდან 55 "ქართული ოცნების"შემომწირველია, რომლებმაც საარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიას მთლიანობაში 1 661 470 ლარი შესწირეს, აღნიშნულ 55 ადამიანთან დაკავშირებულმა 49 კომპანიამ კი დაახლოებით 2 400 000 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო", წერია კვლევაში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საანგარიშო პერიოდში შემოწირულების შემოწმებისმიზნით 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესწავლაზე გააგზავნა მოთხოვნა, საიდანაც 14 გამოკითხვაზე 31 პირი დაიბარა, რომელთაგან 13 არის "ევროპული საქართველოს" შემომწირველი, ხოლო 18 – "ქართული ოცნების". არც ერთი შემომწირველი არ დაჯარიმებულა.
| Print |