პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძრვანელი გოგი წულაია აცხადებს, რომ

ქუთაისის მერია კომპანიასთან თაღლითურ გარიგებაში შედის. წულაიას განმარტებით 2008 წელს მერიასა და “თ და კ რესტორნებს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანიას მერიისთვის თანხა 20 ათასი ლარის ოდენობით უნდა გადაერიცხა, რომლითაც თვითმართველობას უსახლკაროთათვის ბინები უნდა შეეძინა.

“მოვითხოვ ოფიციალურ ინფორმაციას, რომ მაჩვენონ სად და ვის უყიდეს ბინა, რომელ სოციალურად დაუცველს დაეხმარნენ. ასევე მაინტერესებს, მაშინ, როდესაც კომპანია ვალდებული იყო ეს თანხა გადაეხადათ 30 თვეში, რატომ ჩარიცხეს ფული ნაწილ-ნაწილ 2014-2015 წლებში, თუ ვინმე დაგვაჯერებს, რომ უჭირს მაკდონალდსის მეპატრონეებს? მერია და კონტროლის პალატა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას გვაწვდიან. ამით კარგად ჩანს, როგორ მფარველობს მერია ბიზნესმენ ჭყონიას და როგორ შედის მასთან კორუფციული გარიგებაში,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

აღნიშნულ ბრალდებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია გამოეხმაურა. ჯავახია წულაიას ბრალდებას “სასაცილო” უწოდა.

“უკვე სასაცილოც აღარაა ოპოზიციის მხრიდან დაუზუსტებელ თემებზე ბრიფინგების მიძღვნა. “მაკდონალდსმა” შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ჩარიცხა ბიუჯეტში თანხა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით გადანაწილდა. ბიუჯეტს აქვს უნივერსალობის პრინციპი და თუ რას ნიშნავს, ეს ამაზე შეგვიძლია ტრენინგი ჩაუტაროთ ბატონ გოგის. თუ რატომ არ ჩაირიცხა ბიუჯეტში 30 თვეში თანხა, ეს იმ მთავრობას უნდა კითხოს, რომელმაც ვალდებულება აიღო,”-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *