ქუთაისში მიხა ხელაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს საჯარო ლექცია მიეძღვნა.  ქუთაისის

საჯარო ბიბლიოთეკაში მიხა ხელაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე პოეტმა მიხეილ ღანიშაშვილმა ისაუბრა. ის ხელაშვილის პოეზიას ბავშვობიდან იცნობს. აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედება ღრმა და ყოვლისმომცველია. თავად მიხა კი საქართველოს ისტორიისა და მწერლობისათვის გამორჩეული პიროვნებაა.

,,მიხა ხელაშვილის პოეზია გახალხურებული იყო და ხალში ზეპირი სახით ვრცელდებოდა მათ შორის იქ, სადაც მე ვცხოვრობდი. ,,ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე” – ჩვეულებრივი, ყოველდღიური სიტყვა იყო. არც ვინმე მალავდა, რომ ეს მიხას ლექსი იყო, ოფიციოზისგან განსხვავებით. საბჭოთა ეპოქაში, 70 წლის მანძილზე, მიხა ხელაშვილის სახელის ხსენება აკრძალული იყო.  მისი ბიოგრაფია მჭიდროდაა გადანასკვული მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ისტორიასთან.  როდესაც მოხდა საქართველოს გასაბჭოება, ბოლშევიკური ოკუპაცა და ინტერვენცია, ამის წინააღმდეგ მებრძოლი იყო.  ის იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან ერთად. შეფიცულთა რაზმის წევრები, როდესაც 1924 წელს დამარცხდნენ წავიდნდნ ემიგრაციაში საფრანგეთში, მაგრამ მიხა ხელაშვილმა უარი განაცხადა წასვლაზე. ის შეგნებულად წავიდა ამაზე. იცოდა სად რჩებოდა და ბოლშევიკები მას მოკლავდნენ.”- ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი. 

პოეტის ლექსები განადგურებას მისმა ბავშვობის მეგობარმა, ვანო ხარნაულმა, გადაარჩინა. მისი წყალობით დღეს მიხა ხელაშვილის 300-მდე ლექსის და მისი ხელწერის გაცნობა შესაძლებელია. 

,,როგორც აღმოჩნდა, მიხა ხელაშვილის ლექსების გარკვეული ნაწილი გადაეცა მის სიყრმის მეგობარს სხვისი ხელით. მან შეინახა ეს ლექსები და ასე გადარჩა ხელნაწერთა გარკვეული ნაწილი. სხვა პროვნებისთვისაც მიუცია, მაგრამ მას შიშით გაუნადგურებია.ვანო ხარნაულს არ გაუნადგურებია. ბოლო, აკადემიური გამოცემა რომელიც არსებობს მიხა ხელაშვილისა,  ეფუძნება იმ გადარჩენილ ხელნაწერს.”- აღნიშნა მიხეილ ღანიშაშვილმა. 

მიხა ხელაშვილი ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და “შეფიცულთა რაზმის” წევრი იყო. ავტორია პოპულარული ლექსისა “ლექსო ამოგთქომ ოხერო”. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.

ერთი ვერსიით ის 1925 წელს, საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით კი დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.

საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *