ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალ მიუზიკლს ,,დარისპანის გასაჭირი” დადგამენ. როგორ

რადიო ,,ძველ ქალაქს” თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განუცხადა, მიუზიკლის დადგმა მათ რეჟისორმა ნუგზარ ბაგრატიონმა შესთავაზათ. მისივე თქმით, მესხიშვილის თეატრისათვის ეს ერთგვარი გამოწვევაა. 

,,ჩვენ შემოგვთავაზა რეჟისორმა ნუგზარ ბაგრატიონმა ,,დარისპანის გასაჭირის” დადგმა მიუზიკლად.ეს შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს პრობლემატური, მაგრამ ეს იმდენად დიდი კლასიკაა, რომ არ შეიძლება შევხედოთ რაღაც ერთი კუთხით. ამიტომ, ვფიქრობ ერთ-ერთ საინტერესო პროექტს ვიწყებთ. ამით კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ მესხიშვილის თეატრი, რომ ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ დრამატული სპექტაკლების დადგმა, არამედ შეგვიძლია ცოცხლად ვიმღეროთ სცენაზე და ამით დავამტკიცოთ, რომ ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!” “- განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა. 

ამ ეტაპზე მუსიკალურ ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. კომპოზიტორი გოგი ჩალაიძეა. 

,,კომპოზიტორია გოგი ჩლაიძე. მან იმუშავა ოპერაზე ,,დარისპანის გასაჭირი”, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე. რათქმაუნდა იქედან ძალიან ბევრი რამეა გადმოღებული, მაგრამ გადმოტანილია ძალიან მარტივად.ჯერჯერობით მიმდინარეობს მხოლოდ მუსიკალური რეპეტიციები, რათა მსახიობი მზად იყოს მუსიკალურად.” – განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა. 

გოგი ჩლაიძის ოპერა “დარისპანის გასაჭირი” ქუთაისში ოპერის თეატრში მაყურებელმა 42 წლიანი პაუზის შემდეგ იხილა, ნაწარმოებს სცენაზე ახლა მესხიშვილის თეატრშიც  გააცოცხლებენ. 

დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი” წარმატებით იდგმება ქართულ თეატრის სცენებზე. მწერალმა ნაწარმოებში ასახა უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი.  XIX საუკუნეში არსებულმა მძიმე სოციალურმა პირობებმა ქალიშვილების გათხოვების სიძნელე წარმოშვა, რადგან არავის უნდოდა უმზითვო ქალი. დარისპანიც ვერც ერთს ვერ ათხოვებს. ბოლოს უფროსი ქალიშვილი დაჰყავს კარდაკარ, რომ გაათხოვოს და ტრაბახობს თავისი არარსებული სიმდიდრით. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *