ქართული პროფესიული თეატრი დააარსა  პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა

გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა “გაყრა”. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

1861 წლის 3 მარტს ქუთაისში, სცენისმოყვარეების მონაწილეობით, გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია “გაყრა”, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში. 1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.

1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა, ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედდთან ერთად, აქ განახორციელა თავისი საუკეთესო დადგმები.

1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა 100 ადგილიანი მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. 2009-2010 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის სამი მსახიობის სახელობითი ვარსკვლავი: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემო სვანაძის. ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით.

2019 წელს მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *