ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ფესტივალის UPPERGROUND მხარდამჭერი პერფორმანსი მოეწყო.

გათამაშდა სცენა და მოიხატა ტილო. აქცია-პერფორმანსში მონაწილეობა ქუთაისელმა არტისტებმა მიიღეს. როგორც მოძრაობა “ურბან არტის” წარმომადგენელი, ხვიჩა დოღონაძე ამბობს, მონაწილეებმა ყოველწლიური თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნებას მხარი დაუჭირეს და საზოგადოებას ხმა მიაწვდინეს.

“6 თვეა, რაც პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ და დიდი შედეგები ვერ მივიღეთ. გვინდა, ამ პერფორმანსით ყურადღება მივიპყროთ როგორც საზოგადოების ნაწილმა, რომელსაც აქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში ხელოვნების განვითარებას ხელს შეუწყობს. ქუთაისის მერიამ და იმერეთის გუბერნიამ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია, გვინდა ხმა მათაც მივაწვდინოთ,”-განაცხადა ხვიჩა დოღონაძემ.

შეგახსენებთ, “უბან არტმა” ქუთაისში ალტერნატიული კულტურული სივრცის განვითარებისთვის პროექტი შეიმუშავა. პროექტი ხელოვნების პარკის მოწყობასა და ფესტივალის UPPERGROUND-ის დაარსებას ითვალისწინებს.

როგორც პროექტის კურატორი, ხვიჩა დოღონაძე ამბობს, პროექტის განსახორციელებლად პარლამენტის უკან მდებარე აუთვისებელი ტერიტორიაა შერჩეული. მისი განმარტებით, ადგილზე დაცული ტერიტორია უნდა მოეწყოს, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა. დოღონაძე აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე, ინვესტიცია სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, ხოლო შემდეგ ადგილის განვითარებაში კერძო ინვესტორი უნდა ჩაერთოს.

“ხელოვნების პარკი სახელოვნობო  და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას, პროფესიული სასწავლებლების, კინოსახლის, ბიენალეებისათვის პავილიონებისა და სხვა შექმნას მოიცავს. მათ შორის იქნება მინი სასტუმროები, სპორტული კომპლექსები. თვითონ პარკს საქართველოს რუკის კონტური ექნება. ტერიტორია აბსოლიტურად აუთვისებელია. თანხები დასჭირდება ინფრასტრუქტურის, გზების მოწყობას. დასაწყისში პროექტის განხორციელება სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ხოლო შემდეგ ინვესტორები უნდა შემოვიდნენ ტერიტორიაზე. არის მიმოწერა სხვადასხვა უწყებებთან. მერია ამბობს, რომ სახელმწიფო კომპეტენციაა, სახელმწიფო კი მერიასთან გვამისამართებს,”-ამბობს დოღონაძე.

პროექტის კურატორის თქმით, პროექტის განხორციელება ტურიზმის განვითარებაზეც დადებითად იმოქმედებს.

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *