იტალიაში, კოზენცაში გამოფენაზე ჩასული მერისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტისათვის საჭირო თანხები ქუთაისის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

საკითხზე კომენტარი ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა გააკეთა. შორენა ხუხუა აცხადებს, რომ ოფიციალური დელეგაცია 4 კაცისაგან შედგებოდა, თუმცა, ის დახარჯულ თანხას არ ასახელებს.

“ქუთაისის მერიიდან ოფიციალური პირების ვიზიტზე დაიხარჯა თანხა, ისე როგორც მივლინებების დროს ხდება. თანხას ვერ გეტყვით, არ არის ჩემი კომპეტენცია. 4 ადამიანი წავიდა. ქალაქის ხელმძღვანელი პირები იყვნენ, მეც და საკრებულოს წევრი. რაც შეეხება თანხებს, მე ვერ გეტყვით,”-განაცხადა ხუხუამ.

რაც შეეხებათ მხატვრებს, რომელთაც მგზავრობის ხარჯების დაფარვა თავად მოუწიათ, როგორც მერიაში აცხადებენ, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დახარჯული თანხის ანაზღაურებას მოიცავდა. შორენა ხუხუას თქმით, მხატვრები 500 ევროს ოდენობის თანხებს ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ.

“პროექტის ხელმძღვანელობასთან აქტიური მიმოწერა გვაქვს და შეგვპირდნენ, რომ ოქტომბრის ბოლოს თანხა ჩარიცხული იქნება. ეს გარკვეულ პროცედურებს მოიცავს. 500 ევრო უნდა ჩარიცხვოდათ მხატვრებს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,”-აცხადებს ხუხუა.

როგორც საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, არსებული პრობლემის შესახებ დელეგაციამ იტალიაში ჩასვლის შემდეგ შეიტყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *