18 მაისს ქუთაისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის

“რიგოლეტო” გაიმართება. მესამე საპრემიერო წარმოდგენაში ადგილობრივ სოლისტებთან ერთად ამჯერადაც მოწვეული საოპერო მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
მთავარ როლს ევროპასა და ჩინეთში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი ბაჩო ნაკაშიძე შეასრულებს.
6 წლის წინ ის ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი იყო. წლების შემდეგ ბაჩო ნაკაშიძე მისთვის კარგად ნაცნობ სცენას მოწვეული საოპერო მომღერლის სტატუსით დაუბრუნდა. რიგოლეტოს როლს ქუთაისის ოპერის თეატრში ის პირველად შეასრულებს.

“სანამ იტალიაში წავიდოდი, 6 წლის წინ, ამ თეატრის სოლისტი ვიყავი. ჩემი სტუდენტური პერიოდის დასაწყისი აქ მაქვს გატარებული. მთავარი დირიჟორი, რევაზ ჯავახიშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია. ბევრი საერთო საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული. ეს თეატრი ჩემი საყვარელი თეატრია. ქუთაისი არის კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი საქართველოში და ყველა საოპერო მომღერლისათვის აქ სიმღერა არის დიდი პატივი. ჩემთვის განსაკუთრებით პატივია, რომ 6 წლის შემდეგ ჩემს საყვარელ თეატრში აქვს დებიუტი ვერდის “რიგოლეტოში”.”- ამბობს ბაჩო ნაკაშიძე.

რიგოლეტოს როლი მან პირველად ჩინეთში  2 თვის წინ შეასრულა.

“დებიუტი ჩინეთში მქონდა. დირიჟორი იყო ლორენცო ტაციელი. ძალიან წარმატებული დებიუტი გამოდგა. ამის შემდეგ დამიკავშირდა რევაზ ჯავახიშვილი და საერთო სურვილით გამოვნახეთ დრო. დიდი სიხარულით ჩამოვედი. რიგოლეტო ბარიტონის რეპერტუარში ერთ-ერთი ურთულესი პარტიაა.”- ამბობს ბაჩო ნაკაშიძე.

ქუთაისის შემდეგ საოპერო მომღერალს ორი პრემიერა თბილისსა და ბათუმში აქვს, შემდეგ ისევ უცხოეთში გაემგზავრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *