15 აპრილს, 14:00 საათზე კინოთეატრ “საქართველოში”

ლელა ლომთაძის მუსიკაზე შექმნილი კლიპების პრეზენტაცია გაიმართება.

სიმღერები ამერიკული ფილმისთვის “Spies Incorporated: Night at the Lorenzo” შეიქმნა. სურათის რეჟისორი ჯენე რობინსონია. ფილმის პრემიერა  2017 წლის 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგა.

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” აცნობეს, უახლოეს მომავალში ფილმი წარდგენილი იქნება რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის ნიუ იორკში ფესტივალზე სახელწოდებით „Tribeca“ და ლონდონში ფესტივალზე “Discover Film Awards“. ასევე შედგება ლელა ლომთაძის, როგორც სცენარისტის პრეზენტაციაც, რადგან თუ ერთი კლიპი შექმნილია ფილმის ფრაგმენტებზე დაყრდნობით, მეორე კლიპისთვის ორიგინალური სცენარი თავად ლელამ დაწერა.

ლელა ლომთაძე თითქმის 20 წელია მოღვაწეობს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, როგორც მსახიობი. პარალელურად ის აქტიურად არის ჩართული ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ლელა ლომთაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც 90-იანი წლების ქუთაისური როკის ლეგენდა შექმნა. სხვადასხვა დროს ის უკრავდა პოპულარულ მუსიკალურ ჯგუფებში.

15 აპრილს კლიპების პრეზენტაციის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მერია, მხარდამჭერი კი კინოთეატრი “საქართველო”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *