ორშაბათიდან, 2023 წლის 6 მარტიდან, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგისტრაცია 4-ეტაპიანია.

I ეტაპი – 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღვევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; აუტიზმის სპექტრი.

აუცილებელია ბავშვის მშობელმა ან მეურვემ განცხადებით მიმართოს სასურველ საჯარო სკოლას და შეავსოს სპეციალური ფორმა. ამის შემდეგ მულტიდისციპლინური ჯგუფი დაადგენს ბავშვის საჭიროებებს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით.

II ეტაპი – 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით

სხვა ბავშვებთან შედარებით პრივილეგიით ისარგებლებენ ის პირველკლასელები, რომელთა:

  • და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია შესაძლებელია საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – 17 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით – საყოველთაო რეგისტრაცია

ყველა სხვა პირველკლასელისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება მოთხოვნა.

IV ეტაპი – 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით

რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე. ამ დროს შესაძლებელია სკოლის შეცვლაც. მოსწავლის რეგისტრაცია მეოთხე ეტაპზე ხდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *