წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ამავე სკოლის საგზაო

მოძრაობის წესების მასწავლებლის ბრალდებებს არ პასუხობს. გიორგი ბენიძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა მოადგილემ, რომელიც მას თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს, არ იცის რა სახის ინფორმაცია გაავრცელა. მისი განმარტებით, თუ აკაკი ტყეშელაშვილი თავს უკანონოდ გათავისუფლებულად თვლის, ეს სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

“თუ უკანონოდ გათავისუფლებულია, ამას სასამართლო დაადგენს. მანამდე დეტალებზე არ ვისაუბრებ,”-განაცხადა გიორგი ბენიძემ.

შეგახსენებთ, წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლის დირექტორსა და წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს სამსახურიდან უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. საგზაო მოძრაობის წესების მასწავლებელი აკაკი ტყეშელაშვილი, რომელსაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით მისი მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური განწყობის გამო მოხდა. აკაკი ტყეშელაშვილის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ოფიციალურ ბრძანებაში პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევაა დასახელებული, თუმცა, მას ხელშეკრულება გაუგრძელეს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობას კვლავ აგრძელებს. სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ საქმე ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი მთავარი მოთხოვნა კი თანამდებობაზე აღდგენაა. ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეზე რეაგირება განათლების სამინისტრომაც უნდა მოახდინოს და სკოლაში აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *