წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლის დირექტორსა და წყალტუბოს

რესურსცენტრის ხელმძღვანელს სამსახურიდან უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. საგზაო მოძრაობის წესების მასწავლელი აკაკი ტყეშელაშვილი, რომელსაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით მისი მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური განწყობის გამო მოხდა. აკაკი ტყეშელაშვილის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ოფიციალურ ბრძანებაში პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევაა დასახელებული, თუმცა, მას ხელშეკრულება გაუგრძელეს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობას კვლავ აგრძელებს. სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ საქმე ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი მთავარი მოთხოვნა კი თანამდებობაზე აღდგენაა. ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეზე რეაგირება განათლების სამინისტრომაც უნდა მოახდინოს.

“სკოლაში გათბობის სისტემა არ მუშაობს. ორჯერ შეიცვალა, თუმცა უშედეგოდ. ამაზეც გამოვთქვი პრეტენზია და სკოლაში გასულ ზამთარში სასწავლო პროცესი ორი დღით შევაწყვეტინე. მთავარი ამ საქმეში რესურსცენტრის უფროსია, რომელიც ჩემი პროტესტის მერე დამემუქრა რომ სამსახურიდან გამიშვებდა. რესურსცენტრის უფროსი პირადად ჩავაყენე საქმის კურსში და ვუთხარი, რომ დირექტორმა სამ მოსწავლეზე ბულინგი განახორციელა. ასევე, პროკურატურამ დირექტორს სამართალდამცავებთან უთანხმოების გამო განრიდება გაუფორმა. რესურსცენტრის უფროსს ამაზე რეაგირება არ ჰქონია და განაცხადა რომ ინფორმაცია არ ჰქონდა,”-ამბობს აკაკი ტყეშელაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *