“კორპუსში მხოლოდ ბიბლიოთეკა არ იქნება, ეს იქნება ინოვაციური ცენტრი”

– აწსუს საბიბლიოთეკო კორპუსი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.

უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ღავთაძის თქმით, კორპუსში ბიზნეს ინკუბატორი, საკონსულტაციო ცენტრები, “ფაბლაბი” და მულტიმედია ლაბორატორია განთავსდება.

“სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი იდეების განხორციელება მაქსიმალურად შესძლონ. მინდა, უნივერსიტეტს ჰქონდეს სივრცე, რომელიც ხალისიანი, მიმზიდველი და საინტერესო იქნება,”-განაცხადა ღავთაძემ.

გიორგი ღავთაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქონების გადაფორმებისათვის საჭირო ღონისძიებები ტარდება. მისივე თქმით, უკვე ჩატარდა ტენდერი საკონფერენციო და სხვა სივრცეების მოსაწყობად. ამასთან, კორპუსის ნულოვან სართულზე მოძრავი სტელაჟები განთავსდება.

საბიბლიოთეკო კორპუსი წერეთლის უნივერსიტეტის ძველ ბიბლიოთეკებს გააერთიანებს, სადაც მუშაობას ამჟამინდელი თანამშრომლები გააგრძელებენ. თუმცა, როგორც ღავთაძემ განმარტა, მიმართულებების განვითარების შესაბამისად, შესაძლოა, მომავალში ახალი თანამშრომლების მისაღებად კონკურსები გამოცხადდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *