საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლის ალბათობა დროებითი გამაგრების პირობებში არსებობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფერდს მუდმივი გამაგრება ექნება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა, ეს არ უნდა მოხდეს.

მისსავე განცხადებით კომპანია აკეთებს ყველაფერს, რომ მსგავსი შედეგები არ განმეორდეს, რადგან მას აღმოსაფხვრელად ზედმეტი ხარჯის გაწევა უწევს.

„რიკოთის პროექტი არის ურთულესი კონსტრუქციული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე საქართველოში განხორციელებულა. იმიტომაც ვუწოდებთ ჩვენ რიკოთის პროექტს საუკუნის პროექტს. რაც შეეხება უბისა-შორაპნის მონაკვეთს, თავშივე, როცა აღნიშნული პროექტი გაკეთდა, და ეს პროექტი არის ორი საერთაშორისო იტალიური კომპანიის მიერ მომზადებული, იყო როგორც გეოლოგიური, ასევე გეოტექნიკური კვლევა ჩატარებული. შედეგად, საპროექტო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ფერდის როგორც დროებითი გამაგრების სამუშაოებს, ასევე მუდმივი გამაგრების სამუშაოებს ითვალისწინებდა.  თავშივე იყო ცნობილი, რომ, აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყრული პროცესები შეინიშნებოდა. მიმდინარე სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდის დროებითი გამაგრება.   ეს დაკავშირებულია ბოლო პერიოდში რიკოთზე მოსულ უხვ ნალექთან. დროებითი გამაგრებული ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ახლად შესრულებული ბეტონის სამუშაოები. ახლა სწორედ ამ ბეტონისგან ხდება გაწმენდა, რათა კვლავ გაგრძელდეს სამუშაოები. ეს რაიმე დიდ შეფერხებას აღნიშნული პროექტის განხორციელებაში არ გამოიწვევს. როცა დასრულდება სამუშაოები, აქ იქნება უკვე ფერდის მუდმივი გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც დაიცავს ამ ფერდს, ამ გზას რაიმე ზეგავლენისა და მეწყრული პროცესებისგან. მსგავს პროექტებში მოსალოდნელია-ხოლმე მიწის ჩამოშლის პროცესების განვითარება. ეს ყველა სამშენებლო პროცესში ხდება, სხვა მონაკვეთებზეც“, – განაცხადა წერეთელმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *