2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

multicat=36 ბიუჯეტის პროექტს სესიაზე პირველი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს. გუშინ ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ს ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც დოკუმენტის საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა და გათვალისწინებულია. 

კაკაურიძის ინფორმაციით, პირველად პროექტთან შედარებით საბიუჯეტო დეფიციტი 1.6%-დან 1.4%-მდე მცირდება, ხოლო შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტი 95 მლნ ლარით გაიზრდება.

გიორგი კაკაურიძემ ფინანსური და არაფინანსური აქტივების მაჩვენებლები და საშინაო და საგარეო ვალის მომსახურებაზე მიმართულ ფინანსურ ოდენობებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადრება იმ სამინისტროების ასიგნებებზე გაამახვილა, რომელთა დაფინანსებაც წინა პროექტთან დაკავშირებით კიდევ უფრო იზრდება. კერძოდ, საუბარია განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებზე, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 3-3 მლნ ლარი გამოეყოფათ. 

14.5 მლნ ლარით იზრდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო სოფლის მეურნეობის უწყებას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის დამატებით 10 მლნ ლარი გამოეყოფა. 

საკომიტეტო მოსმენების პერიოდში გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად დაფინანსება საგარეო სააქმეთა სამინისტროს (4 მლნ. ლარი) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც (1 მლნ. ლარი) გაიზრდება.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ძირითადი ფინანსური დოკუმენტი კვლავ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდება. 

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *