ქუთაისის ურბანული განვითარების გეგმაზე

multicat=36 მუშაობა 2012 წელს დაიწყო, 2013 წელს მასზე მუშაობა დასრულდა, თუმცა პროექტი ჩავარდა. ქალაქს ამ დრომდე ურბანული განვითარების გეგმა არ აქვს. ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ამ გეგმის აუცილებლობის შემუშავების შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრობს. “ნებისმიერ ნორმალურ ქალაქში გადამწყვეტი არის ორი ძირითადი დოკუმენტი. ეს არის ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა და ურბანული განვითარების გეგმა. ეს 2 დოკუმენტი თუ არ იქნა შესაბამის დონეზე მომზადებული, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი გეგმაზომიერად ვერ ვითარდება. ჩვენ დავიწყეთ ამის მომზადება და გვაქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. თავის მხრივ ურბანული გეგმა ამის საფუძველზე უნდა იყოს მომზადებული. თუ არ გვექნებოდა ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა ვერ მოვამზადებდით ურბანული განვითარების გეგმას”, – ამბობს პაატა კლდიაშვილი.
როგორც პაატა კლდიაშვილი აღნიშნავს, ურბანული გეგმის შესამუშავებლად ტექნიკური დავალებების მომზადება დაწყებულია. “ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ტექნიკური დავალებების მოსამზადებლად. ამ მხრივ განვაახლეთ USAID-თან თანამშრომლობა. გამოგვიყო ექსპერტი და მისი უშუალო ჩართულობით და კოორდინაციით მიმდინარეობს ტექნიკური დავალებების მომზადება ურბანული განვითარების გეგმისათვის. დავალებისათვის აუცილებელია მთელი რიგი ტექნიკური ინფორმაცია ქალაქის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მოგროვდეს ეს ინფორმაცია და რაც შეიძლება მალე მოხდეს ტექნიკური დავალების მომზადება. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ყველა დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული ქალაქის ურბანულ გეგმაში. თუმცა სამწუხაროდ ფაქტია, რომ ეს გეგმა არ გვაქვს,”- განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.
კითხვაზე თუ როდის ექნება ქალაქს ურბანული განვითარების გეგმა, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ვადებზე ზუსტად საუბარი ჯერჯერობით რთულია, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და როცა ეს გეგმა იქნება ყველაფერი ამის მიხედვით განისაზღვრება. მანამდე კი შესაბამისი სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.
ქალაქის ურბანული განვითარების გეგმის შესახებ, უფრო ვრცლად მოგვიანებით რადიო “ძველი ქალაქის” სიუჟეტიდან შეიტყობთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *